4 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიამ პირველადი შედეგები შეაჯამა.
პრესკონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა და კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის მიზანია 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული ადვოკატებისა და საქართველოს პარლამენტის 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და მათ მიმართ პროფესიული, მორალური, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბელიტირებელი ან/და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა.
კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ჯალიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა კომისიის მიერ განხილული საქმეების ირგვლივ ისაუბრა. კომისიამ ამ დროისათვის შეისწავლა და განიხილა 7 ადვოკატის განცხადება, აქედან 3 განცხადებაზე უკვე გაიცა დადებითი დასკვნა, 2 განცხადებაზე კომისიის წევრების მიერ გაცემულია თანხმობა დადებითი დასკვნის პროექტის მოსამზადებლად, ხოლო 2 განმცხადებელს უარი ეთქვა დადებითი დასკვნის მომზადებაზე.
წარმოდგენილი განცხადებებისა და დანართი სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სერიოზულ კანონდარღვევებს როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმეების განხილვისას, რაც ეხება ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას, მტკიცებულებათა სანდოობას და საკმარისობას ბრალის წარსადგენად ან განაჩენის დასადგენად, პროფესიული, ან პირადი ნიშნით შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევებს, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე. აღნიშნულის თაობაზე, სახელდებით მითითებულია თვითონ დასკვნებში, რომელთა გასაჯაროება დასაშვებია მხოლოდ განმცხადებელთა თანხმობით. ყველა განხილულ შემთხვევაში, ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) მიმართ გამოკვეთილია კონსტიტუციის მე-40 მუხლით დაცული უფლებების ხელყოფა, ხოლო საბოლოო ჯამში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.